6 თვეში 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა – 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1 002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე, გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 340, ქვემო ქართლში – 239, სამცხე-ჯავახეთში – 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი”, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი, მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.