ნინო წილოსანი: საწვავის ხარისხის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები გამკაცრდება

„მინდა, წარმოგიდგინოთ ინიციატივა – საწვავის ხარისხის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრება და ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ისე – მწარმოებელს და იმპორტიორს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, კომიტეტმა ამ მიმართულებით არაერთი კვლევა ჩაატარა და პრობლემის აღმოსაფხვრელად არაერთი ნაბიჯიც გადაიდგა, თუმცა, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე სისტემატურად არის საწვავის ხარისხის დარღვევის ფაქტები და ვერ ხდება რეალური პრევენცია, ვინაიდან ჯარიმა არის საკმაოდ დაბალი.

ნინო წილოსანის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ მსგავსი დარღვევები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

“იმდენად დიდია და იმდენად იზრდება ადმინისტრაციული  ჯარიმები, რომ ვფიქრობთ, გარკვეულწილად, ეს სერიოზული საფუძველი იქნება, რომ მსგავსი დარღვევები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, მაგრამ ამასთანავე შემოვიღეთ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორ წლამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სანქციაა

ჩვენს კომიტეტში არაერთი მოკვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით. ვიცით, რომ დედაქალაქში ჰაერის მდგომარეობა წლების მანძილზე სერიოზული პრობლემა იყო. ჩვენი მოკვლევით გამოიკვეთა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი არის მაინც ავტოტრანსპორტი და, მეორე მხრივ, მშენებლობები, რომელზეც მაქსიმალურად თბილისი მერია შეეცადა, რომ სხვადასხვა რეგულაცია შემოეღო მტვრის გაფრქვევასთან დაკავშირებით. თუმცა საწვავისა და ავტომობილების გამონაბოლქვის პრობლემა რეალურად რჩება და იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოგვეფხვრა, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, ტექ,ინსპექტირების შემოღება, საწვავის გაუმჯობესება, თუმცა ცუდი ფაქტი ის იყო, რომ ჩვენი თემატური მოკვლევის პირობებში როდესაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე სისტემატიურად არის საწვავის ხარისხის დარღვევის ფაქტები და ვერ ხდება რეალური პრევენცია, ვინაიდან ჯარიმა არის საკმაოდ დაბალი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები