თენგიზ ცერცვაძე: აბიტურიენტი სულ რამდენიმე ადამიანთან იყო შეხებაში და ის რამდენიმე უკვე გამოკვლეული იქნება
“აბიტურიენტი სულ რამდენიმე ადამიანთან იყო შეხებაში და ის რამდენიმე უკვე გამოკვლეული იქნება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შიდა გავრცელება, ზოგადად, სახიფათოა, მაგრამ არა – ერთი ინფიცირებულის შემთხვევაში.
„აბიტურიენტი სულ რამდენიმე ადამიანთან იყო შეხებაში და ის რამდენიმე უკვე გამოკვლეული იქნება, უკვე მოძიებული იქნება ეს კონტაქტები და უკვე ეს ლოკალიზებული იქნება. შიდა გავრცელება, ზოგადად, სახიფათოა, რისკისშემცველია, მაგრამ არა – ერთი კაცის. ერთი კაცის შიდა გავრცელება იქნება თუ შემოტანილი იქნება, მისი ლოკალიზება ძალიან იოლია. სომხეთმა რა ქნას, ექვსასი შემთხვევა რომ აქვს? შიდა გავრცელებას ვერ დასდევს უბრალოდ. ერთი შემთხვევა არანაირი პრობლემა არ არის. შემიძლია, საკმაოდ თამამად განვაცხადო, რომ ვიდრე არ გაიხსნება ფრენა და არ გაიხსნება საზღვრები (ის იქნება ძალიან დიდი გამოცდა საქართველოსთვის), მანამდე არანაირად არ ველი შიდა გავრცელების შემთხვევების მატებას. ერთი-ორი შემთხვევა არაფერს შეცვლის, ის იქნება ძალიან დიდი გამოცდა, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ ისწავლა, რომ მიიღოს პრევენციული ზომები, შეიმუშაოს რეგულაციის ღონისძიებები, ჯერ ნაბიჯი კი არ გადადგას, ჯერ რეგულაციები შეიმუშაოს პრევენციის ზომები და მერე გადადგას ნაბიჯი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ჯერჯერობით, საქართველოში რისკები მინიმალურია.
„უკვე რამდენი ხანია, ახალი შემთხვევების ერთნიშნა რიცხვია მხოლოდ. ეს აქვს ევროპაში სულ ოთხ თუ ხუთ ქვეყანას და მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანას. მით უმეტეს, თუ თქვენ შეადარებთ, რეგიონში რა ხდება – სომხეთის, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და მერე მეორე რიგის მეზობლების – ირანის, ყაზახეთის, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითებს, იქ ყოველდღე რამდენიმე ასეული და ათასეული შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენთან სულ ოთხი, ხუთი შემთხვევაა და თუ ერთი შიდა გავრცელებაც იყო, აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ცერცვაძემ.