ამირან გამყრელიძე: აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია, პანდემია გრძელდება. ეპიდემია გრძელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ამ ფონზე საქართველო გარკვეულ ოაზისად გამოიყურება. ერთი შემთხვევა არის კონტაქტი გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან. გუშინ ღამე დადასტურებული შემთხვევა გახდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მასთან კონტაქტია გოგონა, რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია და ის არის 7 ივლისს გამოცდაზე გასული”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის გახდა ცნობილი, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და გამოცდის პროცესს საფრთხე არ ემუქრება.