გიორგი გახარიამ და ეკრისტიან დანიელსონმა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებსა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კონკრეტული ამოცანები, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი იყოს მეტად წარმატებული, ინკლუზიური და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი.

“ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შემდგომ ასპექტებზე, რომელიც, მათ შორის, მოიცავს როგორც სატრანსპორტე და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავებას, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას, რათა საქართველოს მეტმა მოქალაქემ შეძლოს ამ პროგრამებით სარგებლობა. სატრანსპორტე და საკომუნიკაციო კავშირების კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ თვალსაჩინო შედეგებს და აღნიშნა, რომ პარტნიორობის 10 წლის თავზე საჭიროა ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რათა შემდგომი პერიოდიც იყოს ასევე ეფექტიანი და ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესს.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებას – „მწვანე შეთანხმებას” და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ამ თვალსაზრისით კარგი და სანდო პარტნიორი, რამდენადაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წარმოების ბევრი შესაძლებლობა არსებობს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის ელჩი საქართველოში –  კარლ ჰარცელი, ხოლო საქართველოს მხრიდან – პრემიერმინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთბათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები