“კაწროს” ადვოკატი: ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“

“ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოაცხადონ „კაწროდ“ “, – ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა, რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში. მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს, რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედხედით, ვერც ქვედხედითა და ვერც ცხვირ-პირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები… ვისაც მართლა სიმართლე აინტერესებს, ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე… მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და, რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას… კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას, ვისაც სიყალბის ნაცვლად მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი“, – აღნიშნულია თამარ აბესაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი და ლაშა ლურსმანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხეს.

პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს შაქარაშვილის მეგობარ გურამ ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს. მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი თეთრპერანგიან პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სავარაუდოდ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. „მთავარმა“ არხის ვარაუდით, ეს პირი ავთანდილ ბილანიშვილი, ზედმეტსახელად „კაწროა“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები