დავით ზალკალიანი: ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკებების რეჟიმში ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით
“ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკებების რეჟიმში ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება ასევე სპეციალური რეისებითაც შეუძლიათ.
„ფრენებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამ სიტუაციაში ჰქონდეთ შესაძლებლობა სამშობლოში დაბრუნებისა, ვთავაზობთ სამ ვარიანტს, ერთი გახლავთ სპეციალური რეისები, რომელიც ჩვენ კვლავ აღვადგინეთ, საგანგებო სიტუაციის დროს გვქონდა მსგავსი სახის რეისები და ორ ავიაკომპანიასთან ერთად – Wizzair-სა და Myway Airlines-თან ერთად არის სპეცრეისები, რომელიც სუბსიდირებულია სახელმწიფოს მხრიდან. ფასი არ აღემატება 200 ევროს. ეს მიმართულებებია ვარშავა, ათენი, რომი, მადრიდი. ყველა ამ მიმართულებიდან განხორციელდება სპეციალური რეისი ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნებისთვის. მინდა, ასევე, დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდება და არ იქნება მხოლოდ ივლისში. შესაძლებელია, გახანგრძლივდეს აგვისტოსა და სექტემბერში. ეს დაფუძნებული იქნება იმ ინფორმაციასა და ანალიზზე, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ საქართველოს საელჩოებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუ სად გროვდება კრიტიკული მასა ადამიანების, ვისაც დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. გამომდინარე ამ ინფორმაციიდან, შესაძლებელია, ეს მიმართულებებიც გადაიხედოს, მაგრამ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ეს სპეცრეისები გაგრძელდება.
გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკებების რეჟიმში ავიაკომპანიებთან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან Lufthansa განაახლებს რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ. ასევე, მიდის მოლაპარაკებები AirBaltic-სა და AirFrance-თან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და პლუს ამას მესამე ვარიანტია „საქართველოს ავიახაზები“, რომელიც კომერციულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ვენიდან, ამსტერდამიდან და თელავივიდან. ასე რომ, მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ ამ ფრენებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.