მედვედევი: ღმერთია მოწმე, საქართველომ საკუთარი ავტონომიური ნაწილების მიმართ აგრესია გამოიჩინა და მოგვიწია, ჩავრეულიყავით

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიებზე შეჭრით არავისთან უჩხუბია, უბრალოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და “აფხაზეთში” განხორციელებულ აგრესიულ აქტებზე მოახდინა რეაგირება.

ამის შესახებ მედვედევმა “კომსომოლსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოსთან, უკრაინასთან იჩხუბა, ბელარუსთანაც ყველაფერი კარგად არ მიდის, რა უნდა გაკეთდეს, რომ მოძმე ბელარუსებთან არ ვიჩხუბოთ? მედვედევი ამბობს:

“არავისთან გვიჩხუბია. ზოგიერთი ქვეყნის არამეგობრულ ქმედებებზე ვრეაგირებდით, როდესაც ეს აუცილებელი იყო. როგორც ცნობილია, საქართველომ თავად განახორციელა აგრესიის აქტი მაშინ ჯერ კიდევ საკუთარი ავტონომიური ნაწილების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, სადაც ჩვენი მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ. იძულებული გავხდით, ამაში ჩავრეულიყავით. ამან, ბუნებრივია, საქართველოსთან ურთიერთობებში სირთულე მოიტანა, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა. მაგრამ ღმერთია მოწმე, ეს ყველაფერი ჩვენი მოწყობილი არ იყო. ეს იმ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომელიც იქ იყო მაშინ. და ისინი ამჟამად იმკიან მაშინდელი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს”, – თქვა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები