დავით ზალკალიანი: ქვეყნებთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებაში საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყების წარმომადგენელი იყო ჩართული
“გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყების წარმომადგენელი ჩართული იყო, პირველ ყოვლისა, ეპიდემიოლოგები, ის ადამიანები, ვინც ზუსტ შეფასებას გვაძლევენ და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი”, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს “პირველი არხის” გადაცემა „მოამბეში“ კითხვას, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთისთვის საზღვრების გახსნას ეხებოდა.
მისივე თქმით, საზღვრების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო 100 ათას მოსახლეზე დაინფიცირების რაოდენობა.
„ყოველდღიურად სიტუაცია იცვლება, რადგან ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომლის წინასწარ განჭვრეტა – რა იქნება ხვალ, რა იქნება ორი დღის შემდეგ, ძალიან რთულია. ამავე დროს ვამბობთ, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ჩვენი ქვეყანაც უნდა იყოს ადაპტირებული იმ ახალ რეალობებთან, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭომ მიიღო, არის არასავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათის. დღევანდელი ეს მოცემულობა არ ნიშნავს, რომ ხვალ თუ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ გავხდებით მიღებული გადაწყვეტილების მძევალი. ევროკავშირის რეკომენდაციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ყოველ ორ კვირში ერთხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადახედავენ სიტუაციას. თუკი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დამძიმდა სიტუაცია, შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით თუკი სიტუაცია გაუმჯობესდა, არ არის გამორიცხული, ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდეს. ძალიან დინამიკურად, სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და ჩვენი ქმედება განპირობებულია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზრუნვაზე. არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, არამედ ვზრუნავთ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, ვინც საქართველოში შემოვა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.