მაია ბითაძე: სამარშუტო ტაქსებში, სადაც სკამი იყო დამატებული, კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მიეცა
“კორონავირუსის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის შემთხვევები ძალიან მცირეა. ზოგიერთ შემთხვევაში მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, რომ ტრანსპორტში ასვლისგან თავი შეიკავოს”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
თუმცა, ბითაძის თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებში სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მიეცა.
„ავტობუსები და მეტრო ის ორი მიმართულებაა, რომელსაც უშუალოდ მერია აკონტროლებს, ამ მიმართულებებს ჩვენი კონტროლიორები და მონიტორინგის თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ. პრაქტიკულად, ძალიან მცირეა გადატვირთულობის გამოვლენა, თუმცა, როდესაც გვაქვს გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებს ვგულისხმობ, ზოგიერთ ხაზზე მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, რომ თავი შეიკავოს ასვლისგან და დაელოდოს შემდგომ სატრანსპორტო საშუალებას. რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვსმენია და, პრაქტიკულად, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს სამარშუტო კომპანიების მფლობელებთან, რომ მათ დამატებითი ღონისძიებები გამოიყენონ იმისთვის, რომ მძღოლებმა არ დაუშვან მგზავრთა გადატვირთვა ავტობუსებში. გარკვეული შემთხვევა გვქონდა რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებში, სადაც სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მიეცა“, – განაცხადა ბითაძემ.