მაია ბითაძე: დენდროლოგიური პარკი და ვერის პარკი არის ის პარკები, რომლებიც ამ წუთებში პრიორიტეტია მერიისთვის, ასევე, დიღმის ჭალები
“დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღებში გვექნება ზუსტი ინფორმაცია, როდის დაიწყება აღნიშნული პარკის პროექტირება”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დენდროლოგიური პარკი და ვერის პარკი არის ის პარკები, რომელიც ამ წუთებში პრიორიტეტია მერიისთვის, ისევე როგორც დიღმის ჭალები.
„იცით, რომ კოვიდვირუსიდან გამომდინარე, გარკვეული სახსრების შეკვეცა მოხდა. იმ საბიუჯეტო სახსრების, რომელიც გამოყოფილი იყო სხვადასხვა პარკებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ავტობუსების შეძენის კუთხით, თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდა საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ამჟამად გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს ავტობუსების შემდგომი ნაკადის შესყიდვას, ხოლო სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება პარკების პროექტირებასთან დაკავშირებით. დენდროლოგიური პარკი და ვერის პარკი არის ის პარკები, რომელიც ამ წუთებში პრიორიტეტია მერიისთვის, ასევე დიღმის ჭალები. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საფინანსო ინსტიტუტებთან ამ მიმართულებით, მათ შორის დიღმის ჭალებზე მშენებლობის განხორციელების კუთხით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მაგალითად, თემქის ხევის მშენებლობა საბიუჯეტო სახსრებით ჩვენ თვითონ შევძლებთ, უკვე მიმდინარე წელს დავიწყებთ მშენებლობას.
რაც შეეხება ვერის პარკის პროექტირებას, რომელიც მიმდინარე წელს იყო გათვალისწინებული, დღე-დღეზე გვეცოდინება ზუსტად, რომელი საფინანსო ინსტიტუტი დააფინანსებს აღნიშნული პარკის პროექტირებას.
დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღებში გვექნება ზუსტი ინფორმაცია, როდის დაიწყება აღნიშნული პარკის პროექტირება, რომელიც თავსებადი უნდა იყოს ასევე ზოოპარკთან და ისე უნდა განახლდეს, რომ მიზიდულობის ცენტრები შექმნას. იცით, რომ ეს თბილისის ცენტრიდან მოშორებული ტერიტორიაა, თუმცა, არაჩვეულებრივი ხედებითა და დიდი პერსპექტივით“, – განაცხადა ბითაძემ.