“დონალდ ტრამპს ფსიქიკური პრობლემები აქვს” – აშშ-ის პრეზიდენტზე ძმისშვილი, მერი ტრამპი საკუთარ წიგნში წერს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წიგნის გმირი ხდება. ამჯერად მასზე ძმისშვილი, მერი ტრამპი წერს და აშშ-ის პრეზიდენტს ახასიათებს, როგორც პიროვნებას, რომელსაც შესაძლოა, მრავალი ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს და ის თანამდებობისთვის არის შეუფერებელი.

წიგნიდან “ძალიან ბევრი და ხშირად არასაკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი” – დან ამონარიდებს უცხოური მედია ავრცელებს.

მერი ტრამპი არის პრეზიდენტის უფროსი ძმის – ფრედი ტრამპის ქალიშვილი. ფრედი ტრამპი ავიაკომპანიის პილოტი იყო, მას ჰქონდა ალკოჰოლური დამოკიდებულება და გულის შეტევით 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავად მერი კი კლინიკური ფსიქოლოგია, ნიუ იორკის ადელფის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი.

წიგნიდან ზოგიერთი ამონარიდი:

1. ტრამპმა გამოცდები გააყალბა – მერი ტრამპი ამბობს, რომ დონალდმა უცხო პიროვნებას ფული გადაუხადა, რომ მას კოლეჯში ჩასაბარებლად მის ნაცვლად გამოცდა ჩაებარებინა. გარდა ამისა, მერი ტრამპი ამბობს, რომ დონალდის და მის ნაცვლად აკეთებდა საშინაო დავალებებს, რამაც მას პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაეხმარა.

2. მერი ტრამპი აშშ-ის პირველ პირს “მასხარას” უწოდებს – “დონალდის და – მერიენ ტრამპ ბარი ნიუ ჯერსის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა და ძმას “მასხარას” უწოდებდა. ის ამბობდა, რომ დონალდი გაპრეზიდენტებას ვერ შეძლებდა. 2015 წელს კი, როდესაც მომავალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ კენჭისყრას გეგმავდა, ტრამპ ბარიმ აღნიშნა – მას “არანაირი პრინციპები არ გააჩნია!”.

3. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ რძალს, შვილის – ერიკ ტრამპის ცოლს არ იცნობს მიუხედავად იმისა, რომ ლარა ტრამპი და ერიკი ერთად 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

4. მერი ტრამპი ასევე ამბობს, რომ აშშ-ის პირველ პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს  – “გარდა იმისა, რომ ბიძაჩემი კლინიკური ნარცისიზმის ცხრავე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მას შესაძლოა, ჰქონდეს ანტისოციალური პიროვნების აშლილობა, დამოკიდებული პიროვნული აშლილობა, ასევე, ხანგრძლივი არადიაგნოსტირებული წარუმატებელი სწავლების აშლილობა, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში მას უშლიდა ხელს ინფორმაციის გადამუშავებაში”. გარდა ამისა, მერი ტრამპი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს შესაძლოა, კოფეინის ჭარბი გამოყენების გამო ძილთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს, რადგან დიდი დოზით დიეტურ “კოკა-კოლას” მოიხმარს”.

5. მერი ტრამპი წერს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე დონალდის დამ ძმას უთხრა – “საკუთარი Twitter-ი სახლში დატოვოს. მოემზადოს. ისწავლოს იმათგან, ვინც იცის, რასაც აკეთებს”.

მედია წერს, რომ მერი ტრამპის წიგნის გამოქვეყნების შეჩერებას აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ძმა – რობერტ ტრამპი ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის წიგნი – “თეთრი სახლი: ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა”, რომელმაც გამოქვეყნებამდე სკანდალის გამოწვევა უკვე მოახერხა.

სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, ბოლტონი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს ხშირად სერიოზული საკითხების განხილვისთვის მზად არ იყო, ასევე, ლანძღავდა მათ, განსაკუთრებით – ქალ ლიდერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები