ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის” (DPO) დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.
დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
“დამატებითი ფინანსური დახმარება დაკავშირებულია „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის” მანამდე გამოყოფილ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებასთან, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ 2020 წლის მარტში დამტკიცდა.
დამატებით გამოყოფილი 45 მლნ ევრო რიგით მეორე ტრანშია COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქების მიზნით მსოფლიო ბანკისგან საქართველოსთვის გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერისა.
პირველი – 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი, ქვეყანას ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით „სწრაფი დახმარების მექანიზმის” საშუალებით გადაეცა.
მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.