საქართველოს შემადგენლობაში ბათუმის დაბრუნებიდან 100 წელი გავიდა

ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმი საქართველოს შემადგენლობას სამუდამოდ დაუბრუნდა. მუსლიმ ქართველთა წარმომადგენლობისა და ქართველი ხალხის ძალისხმევით, 1920 წლის 7 ივლისს ბათუმში შევიდა ქართული ჯარები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისი იძულებული გახდა, ქართველი ხალხის ნებისთვის ანგარიში გაეწია.

,,რეგიონულ კვირასთნ“ საუბრისას პროფესორი – უჩა ოქროპირიძე 1918 წლის პერიოდში ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ყვება. მისი მონათხრობის მიხედვით, როდესაც ,,ბრესტ-ლიტოვსკის“ ზავის თანახმად, ბათუმის ოლქი და სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთს მიეკუთვნა, 1918 წლის აპრილში ოსმალეთმა ბრძოლით აიღო ბათუმი და ბათუმის ოლქი და ნოემბრამდე შეინარჩუნა ის. 1918 წლის ნოემბერში, მუდროსის დროებითი ზავის თანახმად, ოსმალეთი გავიდა კავკასიიდან და ბათუმში ინგლისელთა ჯარები შევიდნენ. ინგლისმა იქ შექმნა თავისი საგუბერნატორო.

,,1918 წლის პირველ აპრილს, ოსმალებმა ბათუმი აიღეს, თუმცა ისინი ჩოლოქთან და ნატანებთან ბრძოლებში დამარცხდნენ. ამის შემდეგ იძულებულნი გახდნენ შეტევა შეეჩერებინათ. რამდენიმე თვის განმავლობაში, ოსმალურმა ბატონობამ სცადა რეფერენდუმის ჩატარება და ძალისმიერი ხერხით ტერიტორიაზე განმტკიცება. 1918 წლის ნოემბერში გერმანია და მისი კოალიცია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და ოსმალეთიც იძულებული გახდა ,,მუდროსის“ ზავის მიხედვით, ტერიტორიიდან თავისი ჯარები გაეყვანა. შემდეგ ტერიტორია ინგლისის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა დაიკავეს. რომლებიც აქ 1918 წლის დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე იყვნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველ ხალხს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი თავის სამშობლოს დაუბრუნდებოდა, თუმცა ინგლისის პოლიტიკა რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შენარჩუნებას ცდილობდა. ინგლისისათვის მიუღებელი იყო ამ რეგიონისთვის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში და ყველაფერს აკეთებდა, რომ იმ პერიოდამდე, სანამ რუსეთში გაიმარჯვებდა თეთრგვარდიული მოძრაობა, იქამდე შეენარჩუნებინათ თავიანთი გავლენები“, -გვიყვება პროფესორი – უჩა ოქროპირიძე.

მისივე თქმით, 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეიკრიბა მუსლიმ ქართველთა წარმომადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა მიმართვა საქართველოს დაფუძნებული კრებისა და ,,პარიზის საზავო“ კონფერენციისადმი. ამ მიმართვაში ბათუმი, ისევე, როგორც მთელი აჭარა, აღიარებული იყო საქართველოს ნაწილად ავტონომიური მმართველობის უფლებით. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 25 დეკემბერს აჭარის ოლქი საქართველოს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა, რაც აღიარებულია რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებითაც.

,, როგორც აღვნიშნე, ინგლისელებს სურდათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რასაც ქართველებმა პროტესტი გამოუცხადეს. თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა პორტო ფრანკოს სახით მოინდომეს, თუმცა ქართველი ხალხი შეეწინააღმდეგა და 1920 წლის 7 ივლისს ქართული ნაწილები შემოვიდა ბათუმში და ერთხელ და სამუდამოდ ქალაქი საქართველოს შემადგენლობას დაუბრუნდა. ინგლისი იძულებული გახდა, რომ ქართველი ხალხის ნებისთვის გაეწია ანგარიში“.-ამბობს უჩა ოქროპირიძე.

ბათუმი ინგლისის ჯარმა 1920 წლის 4 ივლისს დატოვა.

ფიქრია დავლაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები