განზრახ მკვლელობის მოტივი – შურისძიება – პროკურატურამ სურამში მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდება თავისუფლების 13-დან 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს.პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.
ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება თავისუფლების 13-დან 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.