მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

„დღეს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 8-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 105 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 5-ვე შემოტანილია, აქედან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი ჩვეულებრივი შემოსული მოქალაქეა. ჩვენს ცენტრში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული და კვლავ გვყავს 24 პაციენტი. ახალი პაციენტები არიან სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კარანტინში იყვნენ და კარანტინში ყოფნის პერიოდში, მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არცერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, ძირითადად, საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს”, – განმარტა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, მეორე ტალღის შემთხვევაში, ეს საქართველოსთვის მძიმე შედეგს არ მოიტანს და ისევე წარმატებით გაუმკლავდება მას, როგორც – პირველ ტალღას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები