მკვლელობა, ცემა, მანქანის გატაცება – ბრალდებულებს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და, ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე – ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს – ი.ქ.-სა და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქ.ფოთში ი.ქ., ო.კ. და სხვა პირები წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ვ.ტ.-ს, რომელიც მამასა და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა და სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც ასევე ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანეს, ხოლო შემდეგ ი.ქ.-ს კუთვნილი „მერსედეს-ვენტოს“ მარკის ავტომანქანით გაიტაცეს. თავდამსხმელებმა იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე წინასწარი შეთანხმებით მივიდა ვ.ჯ.

“ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.ქ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ვ.ტ.-ს მჭრელი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და ბეისბოლის ჯოხებით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ი.ქ.-მ, ო.კ.-მ და სხვა პირებმა ვ.ტ.-ს, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება.

სასტიკი მოპყრობის შედეგად ვ.ტ.-მ გონება დაკარგა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ტ. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ხოლო ო.კ-ის 4 ივლისს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 2020 წლის 5 ივლისს კიდევ ერთი პირი – გ.რ. დააკავეს, რომელსაც ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო  აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები