დავით ზალკალიანი: “ვიზეარი“ არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას

“ვიზეარი“ არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას”- – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს კომუნიკაცია აქვს კომპანიის წარმომადგენლობასთან, რათა დაიგეგმოს თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ის ფრენები, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

“ჩვენ ვისაუბრეთ “ვიზეარის“ თემაზე, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს საქართველოს ევროპასთან მჭიდრო კავშირში. ეს არ არის მხოლოდ ფრენის შესრულება, ამას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება პირდაპირი ფრენების გარეშე წარმოუდგენელია. ყველას კარგად მოეხსენება, რა როლს ასრულებს „ვიზეარი“ ამ მიმართულებით.

ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენდით, არის სპეკულაციები და არ აქვს შეხება რეალობასთან. “ვიზეარი“ არსად  გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას. ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კავშირსა და კომუნიკაციაში კომპანიის წარმომადგენლობასთან, რათა დავგეგმოთ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ის ფრენები, რომლებიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს არის, პირველ ყოვლისა, დამოკიდებული იმ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რადგან აქაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მთავარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის ამომავალი წერტილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები