პრეზიდენტი: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია – ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ
“თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია – ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
“244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ყველა ჩვენს კონსტიტუციაში და რომლითაც ჩვენი განვითარების გზაზე მივდივართ.
ამ, თითქმის, 30 წლიან გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ წვრთნებს და მათ როლს, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს ის ერთობლივი და სოლიდარული გზაა, რომელიც ამერიკასთან ერთად გავიარეთ.
დღეს მსოფლიო კიდევ ახალი გამოწვევის წინაშეა – უხილავი მტერი და საფრთხე.
ერთი მხრივ, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე უნდა ებრძოლოს ამ გამოწვევას და რჩება მარტო. რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა და ჩვენ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ამ გლობალური საფრთხის წინაშე აუცილებელია გლობალური სოლიდარობა და აქაც, კიდევ ერთხელ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის როლი იყო და არის გადამწყვეტი.
ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან ამერიკის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა; რა როლი ითამაშა ჩვენი და ამერიკელი ექიმების თანამშრომლობამ; ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს არამხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი სოლიდარობა არ არის.
ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშეა – ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პანდემიასთან ერთად. მე მინდა, თანავუგრძნო პანდემიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს, მინდა გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო ჩემი რწმენა და იმედი, რომ ამ კრიზისის შემდეგ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და ეს ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება იქნება.
მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია.
Long live America!”-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის მილოცვის ვიდეო იხილეთ ლინკზე – https://www.youtube.com/watch?v=8MfuDH0_lEw&feature=youtu.be&fbclid=IwAR3LmAxo_Lgk8cZseCiDUxyzZJo5JFvxVHsdqu4ASS55V0aLsdylGVlbNy8