მამუკა მდინარაძე: მარტო უგულავა და სააკაშვილია საკმარისი, რათა ეს ე.წ. პარტიები მოხსენიებულნი იყვნენ “კრიმინალურ ოპოზიციად”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პარადოქსია, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე “ქართულ ოცნებას” “ნაცმოძრაობა“ უჩივის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგი უგულავაც საკმარისია, რომ ე.წ. პარტიები მოხსენიებულნი იყვნენ “კრიმინალურ ოპოზიციად”.

„ეს სასაცილოც აღარ არის, პარადოქსია. არ უნდა გაუკვირდეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ევროპულ საქართველოს“ ის, რომ ჩვენ მათ აბსოლუტურად სამართლიანად კრიმინალურ ხელისუფლებას ვუწოდებთ მაშინ, როდესაც მათი ლიდერების დიდი ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული და მსჯავრდებულნი არიან კონკრეტულ დანაშაულებზე. მათი შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერი, პრეზიდენტი ძებნილი მსჯავრდებულია დღეის მდგომარეობით. ამ ფონზე უკვირთ, რომ მათ ვეძახით “კრიმინალებსა” და “კრიმინალურ ოპოზიციას”. მათი წარსულის ფონზე უკვირთ, რომ “კრიმინალურ ოპოზიციას” ვეძახით? მარტო უგულავა და სააკაშვილია საკმარისი იმისთვის, რომ ეს ე.წ. პარტიები მოხსენიებული იყვნენ კრიმინალურ ოპოზიციად და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, დამატებით იმ ფონზე, როდესაც რურუა აღიარეს და აირჩიეს პოლიტიკურ ლიდერად. მათ კრიმინალური ავტორიტეტი თავიანთი ნებით და განცხადებებით აქციეს თავიანთი პარტიების ლიდერად და ამ ყველაფრის ფონზე, თურმე სასამართლოში აპირებენ ჩივილს, რატომ ეძახის მათ „ქართული ოცნება“ თუ საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი “კრიმინალურ ოპოზიციას”. მათი ლიდერები აქამდეც იყვნენ კრიმინალები, სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალები. ამას ბოლო პერიოდში დაემატა მათი ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ. ასევე დანაშაული, როდესაც თვითონ აღიარებენ, რომ შევარდნა უნდოდათ პარლამენტში. ამას დაემატა ისიც, რომ რურუა გაიხადეს კრიმინალურ ავტორიტეტად, ეს ხომ მანამდე არ ყოფილა. დღეს მოდის მათი მხრიდან მესიჯები, რომ რურუა მათი ლიდერია და ე.წ. პოლიტპატიმარია. ეს ყველაფერი შეიკრა და, ალბათ, საზოგადოების წინაშე ვალდებულებიც კი ვართ, რომ ვუთხრათ სიმართლე – ვინ არის კრიმინალი, არ ვუთხრათ, დავუმალოთ საზოგადოებას, რომ 48 მილიონი მოიპარა გიგი უგულავამ? სასამართლოს მიერ არის ეს დადასტურებული. სააკაშვილი რომ ძებნილია, საზოგადოებას დავუმალოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები