ტამიშთან რუსული საზღვაო დესანტის მიერ დუშეთის ბატალიონის განადგურებისას დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

2 ივლისს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის დაბა ტამიშში რუსული საზღვაო დესანტის მიერ დუშეთის ბატალიონის განადგურებიდან 27 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა – ზურაბ სეხნიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – რუსლან აბაშიძემ გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალი.

დღესვე სასულიერო პირებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ძმათა სასაფლაოზე ტამიშის ბრძოლაში დაღუპული დუშეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, ომის ვეტერანები და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, 1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხეს. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები