2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ა.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე – „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას. საქმე შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას. შედეგად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად, გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 18 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დაწესებულების ექიმთან, რომელმაც მისი აზრით არასათანადო მკურნალობა გაუწია. მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო, ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა ალექსანდრე მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში.

მომხდარი ინციდენტის თაობაზე ცნობილი გახდა დაწესებულების დირექტორისთვის, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, ალექსანდრე მანუკიანის დასჯის და დაშინების, მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებს უბრძანა, მისთვის დაედოთ ხელბორკილი და იზოლირებულად მოეთავსებინათ ოთახში, სადაც დირექტორის უშუალო მონაწილეობით, დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პატიმარს ჯგუფურად გაუსწორდნენ ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნების გამოყენებით, შედეგად ალექსანდრე მანუკიანს მიადგა ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში განმარტებულია, რომ ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და იმყოფება ძებნაში, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

„მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული ა.მ. საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და მოცემული ეტაპისთვის მის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და იმყოფება ძებნაში, ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით, მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, გრძელდება გამოძიება.

მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს 29 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საგამოძიებო უწყების მხრიდან დამატებით მიღწეული შედეგების შესახებ, საზოგადოებას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები