პირს, რომელმაც აქციაზე მოქალაქეს სექსუალური ორიენტაციის გამო ტელეფონი ესროლა, პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობაში ბრალდებულს თავისუფლების 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციაში, ასევე, განმარტებულია, რომ საქართველოს პროკურატურა მკაცრ პოლიტიკას ატარებს დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით, 19:45 საათზე თბილისში, კოსტავას ქუჩის N36/1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ა.ს-ს, რაც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა მკაცრ პოლიტიკას ატარებს დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.