მამუკა მდინარაძე: ყველამ თავი დაანებოს სპეკულირებას, თქვან უბრალოდ, რომ არ მინდა, იყოს ამდენი ქალი პარლამენტში, ეს უფრო სწორი არგუმენტი იქნება მათი მხრიდან, ვიდრე – რაღაცების მოგონება
„რაც შეეხება ქალთა კვოტირებას, თუ ვინმე წინააღმდეგია იმისა, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში იყოს მეტი, ეს მისი პრობლემაა, ან ხარ ქალთა უფრო მეტი წარმომადგენლობის წინააღმდეგი, ან ხარ მომხრე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალით გამოგონილი არგუმენტები მეორეხარისხოვანია.
„რაც შეეხება ქალთა კვოტირებას, თუ ვინმე წინააღმდეგია იმისა, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში იყოს მეტი, ეს მისი პრობლემაა და სხვადასხვა არგუმენტების შეფუთვით კი არა, ამას სახელი უნდა დაერქვას. ან ხარ ქალთა უფრო მეტი წარმომადგენლობის წინააღმდეგი, ან ხარ მომხრე. პოზიტიური თუ ნეგატიური დისკრიმინაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, ძალით გამოგონილი არგუმენტები, რომ მხარი არ დაუჭირონ ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობას პარლამენტში.
თუ მეორე მხრივ ვიღაცას მოუნდება ჩამოაყალიბოს პარტია, სადაც იქნებიან მხოლოდ ქალები, ესეც იქნება შეუძლებელი, რადგან განსხვავებული სქესი ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ამ შემთხვევაში უნდა იყოს მამაკაცი. ყველამ თავი დაანებოს სპეკულირებას, თქვან უბრალოდ, რომ არ მინდა იყოს ამდენი ქალი პარლამენტში, ეს უფრო სწორი არგუმენტი იქნება მათი მხრიდან, ვიდრე რაღაცების მოგონება და არგუმენტების გამოგონება”, – განაცხადა მდინარაძემ.