ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 2 200 000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს
აგროდიზელით ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს. 81,500-ზე მეტმა ფერმერმა 24,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 2 200 000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.
“პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის ძალაშია დადგენილი წესი – 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე შესაძლებელია დიზელის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1-ელი სექტემბრიდან მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებიც”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.