პირს, რომელმაც ჩუმლაყში, შურისძიების მოტივით, მკვლელობა ჩაიდინა და ორი მოქალაქე დაჭრა, ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, დ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე; 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივნისს, დაახლოებით, 21:00 საათზე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დ.ნ-ს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ა.მ.-სა და შ.მ.-სთან. დ.ნ.-მ თავის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, შურისძიების მოტივით განზრახ მოკვლის მიზნით დამიზნებით ესროლა შ.მ-სა და ა.მ-ს. შ.მ. მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ა.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების გამო საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა დ.ნ. 2020 წლის 29 ივნისს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქნა მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით.

სისხლისსამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან  თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დღესვე ბრალდების მხარე ბრალდებულ დ.ნ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები