ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნულის შესახებ გაცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისსა და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს.

,,ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია უკვე კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათ მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა გაავრცელონ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო, გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება”, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობაზე საქმიანობას 1405 მოიჯარე ეწევა. ისინი პირველი ივლისიდან, 5 თვის ვადით, საიჯარო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის გადარჩენასა და შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ბაზრობაზე დასაქმებულები სახელმწიფოსგან სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები