მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.
„ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა. დაახლოებით, ორი კვირაა, უკვე ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში 2-3-ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და გუშინაც მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.
2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევაა.
ჩვენს ცენტრში 1 ახალი პაციენტი მოთავსდა, ის, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულთან. გამოჯანმრთელდა ერთი, კვლავ 24 პაციენტი მკურნალობს. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა, თავისი რუტინული კვლევებითა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და სიტუაცია მართვადია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.