გიორგი გახარია: „ფეიკ ნიუსის”, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა აბსოლუტური გახსნილობა

“ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ, მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური. მე, უბრალოდ, მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ამის ნაწილი არ გახდეთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაა, ესაა ის სივრცე, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ვქმნით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „ფეიკ ნიუსების” წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყუილს, მასზე აგებულ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სახელისუფლებო გუნდი გახსნილობისა და ტრანსპარენტულობის ტაქტიკით ებრძვის.

„სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი – ტყუილი, „ფეიკ ნიუსი”, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა ასეთ „ფეიკ ნიუსს”, პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას აქვს ძალიან მოკლე, ხშირად ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ შესაძლოა, იყოს რამდენიმე, 3-4 დღე. რა არის ახლა ჩვენი ტაქტიკა ამის წინააღმდეგ, მარტივად გეტყვით – აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა. ახლა მე რომ ვდგავარ აქ და გიყვებით, ეს ამას ნიშნავს – ისე, როგორც, მაგალითად, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრებოდით კოვიდის ნაწილში. რეალური რისკი იყო. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები დავკარგეთ, მაგრამ არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ან მთავრობას ეს კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ღიად, ტრანსპარენტულად, მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, ამ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს ვუყვებოდით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. დიდხანს ვისაუბრებ ამ თემაზე. ახლა რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ორი მიზეზია და ეს შეგიძლიათ, თქვენს „ბოსსებსაც” გადასცეთ. პირველი – როცა ტყუილს ეფუძნება დღეს არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, გლობალურადაც, ინფორმაცია უკვე ჩაკეტილი არ არის, ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი ცალკეული აღებული ადამიანი არის უკვე მედია, პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, ჩვენ ახლა ასეთი ჩვენი თითოეული  მოქალაქის მედიასაშუალებად სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, იცით, რატომ? რომ „ფეიკ”-ს, პროპაგანდასა და მანიპულირებას დავუპირისპირდეთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები