მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

“დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. რამდენი ხანია, უკვე ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვაქვს. გუშინ ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა. მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს.

გამოჯანმრთელებულების რიცხვმა უკვე 85 პროცენტს გადააჭარბა.

რაც შეეხება ორ ახალ დადასტურებულ შემთხვევას – ორივე ცნობილია, ეს გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, ორივე შემოტანილი შემთხვევაა.

ჩვენს ცენტრში გუშინ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა მოთავსდა, ერთერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, აზერბაიჯანიდანაა შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქეა. გუშინ მხოლოდ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჩვენთან 24 პაციენტი მკურნალობს. საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები