სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა(ვიდეო)

“ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა”, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეფე ვახტან გორგასლის მიერ აშენებული უჯარმის ციხის მონახულების მიზანი მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და აღნიშვნაა.

“ვიზიტორებს უკვე პირველი ივლისიდან შეეძლებათ უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, რომლის შემადგენლობაშიც შედის უჯარმის ციხის კომპლექსი.

ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, როცა ეტაპობრივად იხსნება მუზეუმები და მუზეუმ -ნაკრძალები, საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს, როგორც უცნობი ასევე, ფუნდამენტური მნიშვნელობის ტურისტული დანიშნულების ადგილების მონახულებას და საზოგადოებასაც შიდა ტურიზმის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტს კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერებინა და ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა; განვლილი სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, კომპლექსის ციტადელი სრულად გაიწმინდა ნაყარი მიწის ფენისგან. ასევე სრულად აღდგა და ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი. საკონსერვაციო სამუშაოებმა მოიცვა ციტადელის უმეტესი არქიტექტურული წყობები, რომლის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ჩამოშლილი.

კონსტრუქციული წყობების გაწმენდისა და კონსერვაციის შემდეგ, უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი მოეწყო ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები. სრულად განახლდება უჯარმის ვიზიტორთა ცენტრის შენობა, რომელიც შემეცნებით-საინფორმაციო და მულტიმედიური საექსპოზიციო დანადგარებით აღიჭურვება.

წელსვე, უჯარმის ციხე-ქალაქის სრული არქიტექტურული გეგმარების გამოსავლენად არქეოლოგიური პროცესი წარიმართება. ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება.

უჯარმა, ისტორიული ცნობების მიხედვით, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.

არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები