ქვემო ქართლის რეგიონში აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებით შეუფერხებლად სარგებლობენ

ქვემო ქართლის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად გაეცნო.

ილია თამარაშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში,  აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ქვემო ქართლის რეგიონში, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში,  აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით, უკვე 66,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 21,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქმედი პირდაპირი დახმარების პროგრამები არის დამატებით სტიმული,  აგროვადების დაცვით დამუშავდეს მეტი ფართობი, რათა მეტი პირველადი პროდუქცია მივიღოთ“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.

ქვემო ქართლის მხარის  რწმუნებულის მოადგილის,  კახა კობერიძის  განცხადებით რეგიონში ფერმერები პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს  რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერი 1 ივლისამდე შეძლებს გაანაღდოს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%, არანაკლებ 100 ლიტრისა. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას. 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, შესაძლებელი იქნება დიზელის ფასდაკლების ბარათების დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები  საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები