გია ვოლსკი: არ მგონია, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდეს

“არ მგონია, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდეს, დღეს ჩვენ დესტრუქციული ძალა გვებრძვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„რამდენიმე ადამიანის ხმით რომ წყდება საკითხი, რასაკვირველია საფრთხეს შეიცავს, რომ შეიძლება, მესამე მოსმენით არ იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, მით უმეტეს გავეშებულები მუშაობენ და არც მალავენ და უკვე განცხადებებს აკეთებენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, რომ არ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

გიორგი რურუას ციხეში ყოფნა რასაკვირველია უფრო აწყობთ, ვინაიდან წარმოადგენენ მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს და პოლიტიკურ პატიმარს. ამ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური თამაშები მხოლოდ ერთ რამეზე არის ორიენტირებული, რომ არჩევნები არ ჩატარდეს და დესტრუქციამ ჰპოვოს განვითარება.
​პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რომ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოქრუაშვილი და უგულავა არ არიან დამნაშავეები. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ისევ ვალდებულებისკენ მიმართა, რომ მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებას და წავიდნენ არჩევნების და არა დესტრუქციის გზით. თავი ვეღარ შეიკავეს, გამოვარდნენ და ამბობენ, რომ საერთოდ, არჩევნები მათ ინტერესებში არ არის, თორემ გიორგი რურუას გათავისუფლება თუ უნდათ და წარმატებას თუ ელოდებიან, მოვიდნენ წარმატებულად და გვაჩვენონ, როგორ დავბრუნდებით 2012 წლამდე პერიოდში, როცა ვისაც უნდა, სვამდნენ ციხეში და ვისაც უნდა, უშვებდნენ; ვისაც უნდა აწამებდნენ და ვისაც უნდა, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ართმევდნენ. ეს პერიოდი გავიარეთ. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა, არის თუ არა ის ლიდერი იმ გაერთიანებისა, რომელიც შალვა ნათელაშვილის სეფაში იკრიბება“, – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები