“2020 წლის ბოლოსთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს”

“წყალმომარაგება ჩვენი ქვეყნის სტრუქტურული და სისტემური პრობლემაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ერთი და ორი წლის დაგროვილი პრობლემა და ვერ მოხდება მისი 2 დღეში და 2 წელიწადში გადაწყვეტა. 2019 წელს დამატებით 70 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილი იყო 24-საათიანი წყლით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„დასრულდა 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტები ურეკში, მესტიაში, ანაკლიაში, ხობსა და კასპში. ასევე, დასრულდა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც, დაახლოებით, 90 000 მოქალაქეს ეხება. წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები.  ჯამურად, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ეს საქართველოს წყალმომარაგების სისტემის 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანის პრობლემას ვერ აგვარებს, მსგავსი პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სამუშაოები კიდევ, დაახლოებით, 3-5 წელია გასატარებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა ელემენტარულ სტანდარტს დაემსგავსოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ 300 000 ბენეფიციარს ექნება 24-საათიანი წყალი, ძალიან კარგად გვესმის, რომ დარჩენილ ასობით ათასი ბენეფიციარებისთვის წყალია კიდევ მისაყვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები