ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას: თუ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ, ჰკითხეთ ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ პარტნიორებს და მოგიყვებიან თქვენი პოლიტიკური წარსულის ამბებს “საგმირონისას”
„მე მახსოვს 20 ივნისი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ძალიან მძიმე დღე. ვწუხვარ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის, პოლიციელებმა მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს. ძალიან ვწუხვარ, ასევე, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თქვენნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში სცემდე და შტურმით შედიოდე პარლამენტში, პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად, დასაშვებია”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უსმენდნენ.
„მესმის, რომ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით. თუ გინდათ, რომ ამ ამნეზიაზე იმკურნალოთ, ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებისას თქვენს პოლიტიკურ პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს „საგმირონისას” თქვენი პოლიტიკური წარსულის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ტიპის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ ქვეყანაში ძალადობით, რევოლუციური გზებით, რაიმე შეჭრა-შემოჭრა არ გაგივათ არასდროს და კიდევ ერთხელ, მე პირადად, ძალიან ვწუხვარ 20 ივნისის გამო”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერმინისტრს კითხვებით მიმართა და სთხოვა, მეტი ინფორმაცია წარმოედგინა ასლანბეგ ბოკოევის, ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებთან და სულ ახლახან „ფრონტერას” მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.