ბათუმში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს თავისუფლების 8-8 წლით აღკვეთა მიესაჯათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს ქ. ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8-8 წლით  აღკვეთა განუსაზღვრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები