რუსულმა მხარემ ქართული მხარისგან შეტყობინება მიიღო, რომ ვასამბეკ ბოკოვი სისხლის სამართლის საქმეზეა დაკავებული ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე.
ამის შესახებ რუსულ მედიას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვის პასუხად, ქართული მხარისგან მივიღეთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ვასამბეკ ბოკოვი. ბრალდებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ დაკავებულის ვინაობისა და მისი მოქალაქეობის დადგენას”, – აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ქართული მხარის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისთანავე, ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექციის ყურადღების ცენტრშია.
რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი 12 ივნისს შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.