“არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია შეუერთდეს არა ელჩების, არამედ – მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმა მისცენ”
“მგონი რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთი მეწილის, გიორგი რურუას განცხადებას.
მდინარაძის თქმით, ქვეყნისთვის სირცხვილია, რომ გიორგი რურუა მოიხსენიება ან პოლიტპატიმრად, ან რომელიმე თუნდაც ერთ პროცენტიანი პარტიის ლიდერად.
“პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან მათ ღრმად შეტოპეს იმ მავნებლობაში, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა შევიდნენ და ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მგონი რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ.
ისეთ საქმეებთან დაკავშირებით მე არ ვაპირებ საუბარს, სადაც არ არის ბრალდებები ან განაჩენები, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის, ამას რომ თავი დავანებოთ, ვიცით საზოგადოებრივი აღქმა, რურუას თუ ირჩევენ ეს ადამიანები ლიდერად, ეს მათი საქმეა, ისედაც სამ პროცენტიან რეიტინგის ფარგლებში ეს მათი გასარისკია, ჩვენ ამაზე არ ვინერვიულებთ ნამდვილად. ჩვენთვის, “ქართული ოცნებისთვის” ეს სუბიექტურად უკეთესია, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენი პარტიის სუბიექტური ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვა. პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც უწევენ ეს პარტიები კონკურენციას, ეს არის კარგი, რადგან რურუა რომ იქნება ლიდერი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის უბრალოდ სირცხვილია, რომ გიორგი რურუა მოიხსენიება ან პოლიტპატიმრად, ან რომელიმე თუნდაც ერთ პროცენტიანი პარტიის ლიდერად”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია – “მინდა, გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას. ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც”.