სოფო კილაძე: სასამართლოს, კანონის უზენაესობის კუთხით ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს გადადგმული
„2010-2011 წლებში, დაახლოებით, 60 ათასი ადამიანი მიმართავდა წლიურად სასამართლოს, დღეს უკვე 300 ათას ადამიანამდეა ასული ეს რაოდენობა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა ენდობა სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერ ავხსნი, რატომ მიდიან ადამიანები საკუთარი ნებით სასამართლოში სხვადასხვა საკითხის განსახილველად”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.
სოფო კილაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში წასული ადამიანების რაოდენობა ხუთჯერ არის შემცირებული. მისივე თქმით, არაერთი საერთაშორისო შემფასებლის პოზიციაა და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ, რომ სასამართლოს, კანონის უზენაესობის კუთხით ქვეყანას სერიოზული ნაბიჯები აქვს წინ გადადგმული.
„ეს ყველაფერი, ერთიანობაში, მე არ მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ სასამართლოში გაუარესდა სიტუაცია. პირიქით, მე ეს მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ სასამართლოში გაუმჯობესდა სიტუაცია. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ბევრი მიმართულებით, მაგრამ ტენდენცია მკვეთრად დადებითისკენ არის შესამჩნევი”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.