სოფო კილაძე სალომე სამადაშვილს: თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც – საქართველო და ჩრდილოეთ კორეა
“თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა, რადგან თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც – საქართველო და ჩრდილოეთ კორეა”, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს.
„გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას. ახლა ქალბატონი სალომე რომ საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, მე, მაგალითად, თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა, რადგან თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც – საქართველო და ჩრდილოეთ კორეა. მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძეს სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომის წამყვანს მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს.
„ქალბატონო სოფიო, ეს თქვენი უფლებამოსილება არ არის. თქვენ ხართ სხდომის წამყვანი, ეტყობა, არ გესმით. ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის, ადამიანის უფლებების მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ. რეგლამენტი წაიკითხეთ და გაერკვეთ, თქვენი ვალდებულება რა არის, კომიტეტის სხდომა როცა მიგყავთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილსა და სოფო კილაძეს შორის კამათი ადამიანის უფლებების კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის დროს სალომე სამადაშვილის მიერ დასმულ კითხვებს მოჰყვა. კითხვები გიორგი რურუას საქმესა და 20 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.