ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიუჯეტი ის დოკუმენტია, სადაც ფინანსურად აისახება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა აკეთებს და კიდევ გააკეთებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემოტანილი გადამუშავებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით მოსახლეობისთვის განსაზღვრულია საკმაოდ დიდი მოცულობის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასევე, შესაძლებელია, გაფართოვდეს კომპენსაციის მისაღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისათვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და მთავრობამ შესაძლოა, შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით სპეციალური ფონდიდან – STOPCOV ფონდიდან გასცეს დახმარება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ასევე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი,  სადაც სხვადასხვა რისკფაქტორის გათვალისწინებით გაწერილია, თუ როგორ მოემსახურება მთავრობა ნაკისრ ვალდებულებას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა შეადგენს 54,4%-ს, ხოლო ბიჯეტის დეფიციტი, თქვენ იცით, რომ 8,5%-ია. ზოგადად, მაკროეკონომიკური პარამეტრები უცვლელია, რიცხვები არ არის შეცვლილი წარმოდგენილ ვერსიაში, ბიუჯეტის პრეოექტში ჩადებულია ეკონომიკის შემხცირება -4%-ით, ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები, ხარჯვა გვექნება 15 მილიარ 923 მილიონის ფარგლებში”.

„სახელმწიფო ბიუჯეტი ის დოკუმენტია – რომელსაც კარგა ხანია, ითხოვდა როგორც უმრავლესობა, ასევე – განსაკუთრებით, ოპოზიცია, სადაც ფინანსურად უნდა იყოს ასახული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა აკეთებს და კიდევ გააკეთებს ერთის მხრივ რომ ინფექცია შეჩერდეს, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ხოლო მეორე კუთხით – ეკონომიკაზე დარტყმის მინიმიზაცია და კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით იქნეს გამოყენებული”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები