“საქართველო ყურადღებით ეცნობა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს”

“ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება”, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვინაიდან მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, გადაწყვეტილებები მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით მიიღება.

როგორც ცნობილია, საქართველოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ისრაელსა და ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, თუმცა აღნიშნულმა ქვეყნებმა, მათ ქვეყნებში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმისა და საერთაშორისო საზღვრების გახსნის გარკვეული პერიოდით გადავადება გადაწყვიტეს. ამასთან, საქართველო ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს, რომლის ფარგლებში პირველ ეტაპზე მხოლოდ შიდა საზღვრები გაიხსნა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებით შეთანხმება მიღწეული არ არის და შესაბამის გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა PCR ტესტირებების გაფართოების პროცესსა და მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებში ტესტირების მიმდინარეობაზე, ასევე, კლინიკებში არსებულ შესაძლებლობებზე. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 908 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 761 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 2662 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 255 პირი.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანლობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები