შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის სამი მოქალაქე: 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
სამართალდამცველებმა, ა.ხ.-სა და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-სა და დ.პ.-ს მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 25 აბი.
ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება – “სუბუტექსის” 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.