ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში

“ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ლობისტური კომპანიის, Hogan Lovells-ის წარმომადგენლის, ნორმ კოულმანის მიერ აშშ-ის კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც კოულმანი „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედაა მოხსენიებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და, ბუნებრივია, პარლამენტარები 170-გვერდიანი დოკუმენტის ყოველ წინადადებას ზედმიწევნით არ ეცნობიან ხოლმე. ეს დაადასტურა ერთერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს, რათა ნათელი მოეფინოს, რასთან გვქონდა რეალურად საქმე. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ფრაზა მთლიანად მოწყვეტილი იყო დოკუმენტის საერთო კონტექსტსა და საერთო სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში – ეს იყო ლობისტების ძალისხმევა, თუ რაიმე სხვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები