ვეფხვია გულედანი: „ნაცმოძრაობის” რეიტინგი მინიმალურ ნიშნულებს უახლოვდება

„ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი კვლავ სტაგნაციას განიცდის და მინიმალურ ნიშნულებს უახლოვდება”, – ამის შესახებ ა/ო „საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის სიძლიერე ამომრჩევლის მხარდაჭერაა და არა – ყველა ტრიბუნიდან ყბადაღებული უტრირება უტიფრული და გამაღიზიანებელი პოლიტიკის.

„როგორც წესი, პარტიები, ისევე როგორც ადამიანები, შეცდომებზე სწავლობენ – როგორც საკუთარ, ისე – სხვის შეცდომებზე. ეს ცხოვრების კანონი და განვითარების უმთავრესი აქსიომაა, თუმცა ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის” ანტინაციონალურ მოძრაობებს და პირწმინდა, უტიფრულ პარადოქსთან გვაქვს საქმე. გასულმა დღემ კვლავ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი კვლავ სტაგნაციას განიცდის და მინიმალურ ნიშნულებს უახლოვდება. აღნიშნული კარგად ჩანს საზოგადოების განწყობასა და მათი სატელიტების მიერ ორგანიზებული აქციის მხარდამჭერთა სიმცირეში. პოლიტიკური პარტიის სიძლიერე ამომრჩევლის მხარდაჭერაა და არა – ყველა ტრიბუნიდან ყბადაღებული უტრირება უტიფრული და გამაღიზიანებელი პოლიტიკის. ამას ემატება კრიმინალთან ჩახუტებული და ერთარსი პოლიტიკური ყოფიერება, რაც მათი სიის პირველ ნომერ გიორგი რურუას თვალსაზრისითაც საკმარისია, ფაქტობრივ მდგომარეობად აღვიქვათ. აღარ ჩამოვთვლი იმ უამრავ კრიმინალურ დანაშაულსა და წარსულს, რაც პირდაპირ უკავშირდება „ნაცმოძრაობას”.

მიგვაჩნია, რომ ერთიანი ოპოზიცია ასეთი სუსტი და ამავე დროს ხმამაღალი არასდროს ყოფილა, რაც საკმაოდ ნათლად გამოჩნდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მათი კრახით, რასაც საზოგადოება გადაწყვეტს… ამაზრზენია ლევან ბერძენიშვილის განცხადება, სადაც ის მიიჩნევს, რომ უახლოეს წარსულში 20 ივნისზე „სისხლიანი” დარბევა არ მომხდარა. შეგნებულად არ განვავრცობთ აღნიშნულ განცხადებას, უბრალოდ, მოკლედ შევაფასებთ მას, როგორც “პოლიტიკურ მეძავს”, გონიერებისა და წიგნიერების ყველაზე უტიფრულ გამოვლინებას, პოლიტიკა ასეთი ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეს, ამორალური ადამიანები ვერ განავითარებენ სახელწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესს…

რაც შეეხება ხელისუფლებას – ვფიქრობთ, არსებულ მოცემულობაში კვლავ ყველაზე გაწონასწორებულ ძალად გვევლინება, საბოლოო სიტყვა კი 2020-ის არჩევნებზე ქართველ ხალხს ეთქმის და დარწმუნებული ვარ, სილას გააწნავს ამორალური, სულგაყიდული ადამიანების ერთობას და აირჩევს ღირსებას, სტაბილურობას, გეგმაზომიერ განვითარებას და არა პოპულიზმს, ანტისახელმწიფოებრიობას, ანტიქართულობას და უტიფრობის გამოხატულების ზეიმს…”, – აცხადებს გულედანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები