სოფო კილაძე: საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია საკმარისზე მეტი ხმის მობილიზება „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფის გარეშე

“საზოგადოებას გუშინდელმა კენჭისყრამ ერთი რამ ნათლად დაანახა, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია საკმარისზე მეტი ხმის მობილიზება და იმის რესურსი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველამ ერთად მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფის გარეშე”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

„ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, დაარტყამდა მათ იმიჯსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ მგონია, საკუთარი ინტერესებიდან მიიღეს გადაწყვეტილება და არა , ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილია. იმ კონფიგურაციით, რაც გუშინ დავინახეთ, გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, მხარი რომ არ დაუჭირონ „ევრონაცებმა“. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, რაც მათთვისვე არის ძალიან სამწუხარო, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ქართველი ხალხის გვერდით რომ არ დგანან, ეს მათთვის არის საზიანო. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენი ხალხის ინტერესებშია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები