მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს.
“დღევანდელი მონაცემებით, 2 ახალი შემთხვევა დაგვემატა და 908 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელდა 6 და სულ 761 გამოჯანმრთელებულია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 133 პაციენტი მკურნალობს.
ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ანუ იმპორტირებულია საკარანტინე სივრციდან.
ბოლო ორი დღის განმავლობაში რვა ახალი შემთხვევა იყო. აქედან ერთი იყო ბოლნისის, ერთი იყო მარნეულის, დანარჩენი ექვსი იყო შემოტანილი შემთხვევა.
ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, არ არის უცნობი და ეს, გარკვეულწილად, დამამშვიდებელია.
ჩვენს ცენტრში ორი დღის განმავლობაში 6 დადასტურებული შემთხვევა მივიღებთ, 4 პაციენტი გაეწერა და ამ ეტაპზე 23 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ამ 6 შემთხვევის წყარო ცნობილია. რაც შეეხება ახალი პაციენტების მდგომარეობას – არცერთია მძიმე. ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომარეობით ფასდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.