გია ჟორჟოლიანი: საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება

დეპუტატი, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის ხმების საკმარისი რაოდენობაა.

როგორც ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ დეპუტატები თავიანთ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.

„თუ ხმებს „ევროპული საქართველოს“ ხმაც დაემატება, კიდევ მეტი იქნება. თუ არადა, სავსებით საკმარისია „ევროპული საქართველოს“ გარეშეც და ეს ცვლილება მიღებული იქნება. რამდენადაც ვიცი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად უჭერს მხარს. შესაბამისად, ხმების რაოდენობა 113-ზე მეტია. ვფიქრობ, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ეს ცვლილება გავა და დეპუტატები თავიანთ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაც შეაფასა.

„მგონია, ორივეს კარგად ესმის, რომ ეს ცვლილება გავა და განსხვავებულად უყურებენ თავიანთ ტაქტიკას. სიმართლე გითხრათ, არავითარ მნიშვნელობას მაგას არ ვანიჭებ, გინდ დაუჭირონ მხარი და გინდ არა. ცვლილება გადის არა იმიტომ, რომელი პარტია უჭერს მხარს და რომელი – არა. ეს ცვლილება სასარგებლო იქნება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის, ამომრჩევლებისთვის და ვფიქრობ, მეტი წარმომადგენლობისთვის პარლამენტში. თუ ვიღაც ამას მხარს არ დაუჭერს, ე.ი მას, რაც მე ჩამოვთვალე, ესენი არ უნდა“, -განმარტა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს” წევრები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები