“იმ კანდიდატებით, რომლებიც ოპოზიციის მიერ იყო დასახელებული, კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება პირველ ტურში არჩევნების მოგება”, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატებს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ოპოზიცია შეთანხმდება ერთიან კანდიდატებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება პირველივე ტურში არჩევნების მოგება.
იმ კანდიდატებით, რომლებიც მათ მიერ იყო დასახელებული, კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება ჩვენ პირველ ტურში არჩევნების მოგება, გამომდინარე იქიდან, რომ ესენი არიან რეპუტაციაშელახული პოლიტიკოსები, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დღეს დაასახელა.
კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა: მთაწმინდა – შალვა შავგულიძე; სამგორი – ლევან ხაბეიშვილი; ვაკე – ელენე ხოშტარია; გლდანი – ნიკა მელია; ისანი – გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.