ნიკა გვარამია: ბოკოვი “ქილერი” არაა, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია – თანამზრახველები, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ

“ვასამბეკ ბოკოვი არ არის “ქილერი”, ის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია, მისი თანამზრახველები შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო.

„ინფორმაცია მივიღე, ცხადია, არაოფიციალურად – მაღალი თანამდებობის პირისგან. ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულების შესახებ სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია თუ არა, დაგვიდასტურე-თქო. სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვფლობდი ინფორმაციას, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის “ქილერი”, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობდა დიდი ხნის განმავლობაში გაბუნიას მარშრუტის შესწავლა – ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს არ ვიცი. თანამზრახველები შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, არ ვიცი“, – განაცხადა გვარამიამ.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ, ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ისთვის ეცნობებინა, გვარამიამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები